საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა, კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ გახსნა და კომისიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1948 წელს. სწორედ ამ დღეს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია მიიღეს. საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირდაპირი და უშუალო ვალდებულებაა“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ, რის შემდეგაც კომისიის სხდომა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
სხდომაზე საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიაში შესული განცხადებები განიხილეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემუშავებულ რეკომენდაციებზე მომზადებული ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, განხილული განცხადებები, ამხანაგობების ტერიტორიაზე ამხანაგობების ნებართვის გარეშე მშენებლობების უფლების გაცემისა და მაგისტრალურ მილსადენთან ახლომდებარე მიწებზე მშენებლობების უფლებას ეხებოდა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომას, მერიის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები, ასევე მერიის არქიტექტურის სამსახურის მე-3 და მე-4 კლასების შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები, განმცხადებლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები