ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებისთვის პასპორტების დარიგების გამო საქმე აღიძრა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. საქმე ტყვარჩელის რაიონის თანამდებობის პირთა წინააღმდეგ აღიძრა. საუბარია პასპორტების გაცემაზე 2009-2013 წლებში, რა დროსაც, ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, „ტყვარჩელის რაიონის თანამდებობის პირებმა აფხაზეთის კანონმდებლობა დაარღვიეს“.
„სისხლის სამართლის საქმე პასპორტების უკანონოდ გაცემის მუხლით აღიძრა, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და თანამდებობის დაკავების აკრძალვას 1-დან 3 წლამდე ითვალისწინებს“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. გენერალურ პროკურატურაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფხაზური პასპორტები უკანონოდ საქართველოს მოქალაქეებს გადასცეს.