თინა ხიდაშელი: რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ
აშშ-ში ვიზიტისას სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) საჯარო გამოსვლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
თავდაცვის მინისტრმა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის გზებსა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აშშ-ის როლზე ისაუბრა. ერთ-ერთი შეკითხვა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში საქართველოს როლსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს ეხებოდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა მხოლოდ კოორდინირებული და ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. „ეს საკითხი ხანგრძლივი დისკუსიის საგანია და ძალიან ბევრი ნიუანსია. ვცდილობთ ერთმანეთთან ყოველდღიურ რეჟიმში მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს.
მომავალ კვირას სტამბოლში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალია დაგეგმილი, სამი დღის წინ კი ბაქოში სწორედ ჩვენს ერთობლივ პრობლემებსა და გამოწვევებზე ვიმსჯელეთ, განვიხილეთ თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები ამ სამ ქვეყანას შორის, რათა კოორდინირებულად დავძლიოთ ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩემი მთავარი გზავნილი არის სწორედ გაძლიერებული კოორდინაცია – უფრო მეტი კომუნიკაციით, ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებით შევძლებთ ამ პრობლემების დაძლევას და უფრო მარტივად შევძლებთ გამოსავალის მოძებნას,” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. შეკითხვაზე, აკეთებს თუ არა აშშ საკმარისს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ევროპაში და სურს თუ არა მინისტრს ამერიკამ საქართველოს გადასცეს ან მიყიდოს რაიმე სახის შეიარაღება ან ტექნიკა, რათა საკუთარი საზღვრების დაცვა შეძლოს, თავდაცვის მინისტრმა უპასუხა.
„მჯერა, რომ თუ მსოფლიოში არსებობს ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტს აკეთებს ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. როგორი უკმაყოფილოც არ უნდა ვიყო რაიმე გადაწყვეტილების ან ამ გადაწყვეტილების არ მიღების გამო, რეალობა ისაა, რომ თუკი მსოფლიოში რამე პრობლემაა, იქ ყოველთვის არის აშშ. ალბათ სწორედ ამიტომ ვითხოვთ და მოველით ამ ქვეყნისგან ბევრს. რაც შეეხება შეიარაღების თემას, დიახ, ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ და იმედი მაქვს ასეც იქნება მომავალში, რადგან პარტნიორობა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. შეკავების შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იყოს პარტნიორი ქვეყნების დღის წესრიგის მთავარი თემა,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.