დავით უსუფაშვილი: პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ მან ვინმე შეიწყალოს, არასწორია

პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ მან ვინმე შეიწყალოს და სხვა დატოვოს ციხეში, რელიგიური გადმოსახედიდანაც არის არასწორი მოქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა პრეზიდენტმაც და საპატრიარქომაც, ასევე იყო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის.
მისი თქმით, შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ ვის აქვს და ვის უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, გუშინ საღამოს მდგომარეობით, ცალსახად დახურულია.
“საკითხი ნამდვილად დახურულია და ნამდვილად ამოწურულია იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე ოფიციალურ წინსვლას – საკანონმდებლო ინიციატივებს, ოფიციალურ განხილვებს ვერ და არ ვნახავთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივის თაობაზე თავდაპირველად გამოთქმულ რეაქციებს, უსუფაშვილის შეფასებით, ისინი ნამდვილად იყო უფრო მყისიერი და ემოციური, ვიდრე კარგად გააზრებული.
“პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ პატრიარქმა ვინმე შეიწყალოს და სხვა დატოვოს ციხეში, რელიგიური გადმოსახედიდანაც არის არასწორი მოქმედება. მე მგონი, ჩვენ გარკვეულწილად ვიხილეთ დემონსტრირება იმისა, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, მათ შორის, შესაძლოა, სიყვარულიც. პატრიარქისადმი მოწიწება და სიყვარული ძალიან დიდია საზოგადოებაში და ეს მხოლოდ კარგია. იმდენად გვაკლია, როგორც ჩანს, სიყვარული და იმდენად დეფიციტია, რომ ვისაც დიდ პატივს ვცემთ, მერე მის ნათქვამზე ემოციები გვეუფლება ხოლმე. პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ ხანდახან, შეწყალებაზე ვსაუბრობთ და მოდი, მივუტევოთ ყველას, ვისაც მყისიერი, შესაძლოა, არცთუ ბოლომდე გააზრებული რეაქცია ჰქონდა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები