დავით უსუფაშვილი: ივანიშვილის რჩევების გათვალისწინებითაც მოხდება მის მიერ შექმნილი პარტიის გაძლიერება

ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, თუმცა ჩემი პოზიცია იყო, რომ ერთი წელი კიდევ უნდა დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის როლი პოზიტიური იყო, თუმცა თუ ცოტა ხანს კიდევ დარჩებოდა პოლიტიკაში, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
„ბიძინა ივანიშვილმა, სამწუხაროდ, არ გაიზიარა ჩემი რჩევა. ის ამბობს ხოლმე, ხანდახან უსუფაშვილი არ მიჯერებსო. მინდა გითხრათ, რომ დიახ, ბატონი ბიძინაც არ უჯერებს ხანდახან პარტნიორებს. ჩემი აზრით, მან იმაზე ადრე დატოვა პრემიერის პოსტი, ვიდრე უნდა დაეტოვებინა. ამის თაობაზე ბოლო წამამდე საკმაოდ მძაფრი საუბრები გვქონდა. მას ჰქონდა გაცხადებული, რომ მე მოვალ, შევქმნი პარტიას, დავამარცხებ იმას, გავხდები პრემიერ-მინისიტრი და შემდეგ წავალ. ყველაფერი ისე გააკეთა როგორც ნათქვამი ჰქონდა, თუმცა ჩემი პოზიცია იყო, რომ ერთი წელი კიდევ უნდა დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილს ამის გეგმა და სურვილი არ აქვს.
„ამ ნაწილში მისი პოზიცია, მე რაც ვიცი, მტკიცეა. მას ამის გეგმა და სურვილი არ აქვს. ამბობს, რომ მე ვრჩები საქართველოს მოქალაქედ და თუ დავინახე, რომ რთულადაა საქმე და საჭიროა ქუდზე კაცი, მაშინ ამისთვის მზად ვარო. თუმცა ამბობს, რომ ამის ალბათობას ვერ ხედავს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს კოალიცია ისე, რომ დაგეგმოს მზადება ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავისი სათქმელის თქმას მოახერხებს და მისი რჩევების გათვალისწინებითაც მოხდება მის მიერ შექმნილი პარტიის გაძლიერება და კოალიციური სისტემის უფრო გაძლიერებაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები