დავით სერგეენკო: იაშვილის კლინიკაში ბავშვების გარდაცვალების ფაქტებს იკვლევენ

როცა გართულდა ბავშვის მდგომარეობა, მივეცი დავალება რეგულირების სააგენტოს, რომ ეს საკითხი შეესწავლა, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბოლო პერიოდში, იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ლეიკემიის დიაგნოზით გარდაცვლილი ბავშვის მდგომარეობით ის ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როდესაც პაციენტს მდგომარეობა გაურთულდა.
„დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, მაშინ, როცა გართულდა ბავშვის მდგომარეობა, მივეცი დავალება რეგულირების სააგენტოს, რომ ეს საკითხი შეესწავლა. იმ მონაკვეთში ეს საკითხი დოკუმენტების კვალობაზე შესწავლილია. ახლა გადის ბოლო ექსპერტიზას და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გვექნება სრული სურათი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკაში გართულებული ჩუტყვავილას დიაგნოზით ბავშვის გარდაცვალების ფაქტზეც მოკვლევა დაწყებულია.
„რაც შეეხება მეორე შემთხვევას, გართულებული ჩუტყვავილით ბავშვის გარდაცვალების ფაქტს, მოკვლევა დაწყებულია და გარკვეული დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი თვე ამ ფაქტის შესწავლას“, – განმარტა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვი გარდაიცვალა, აქედან ერთი ლეიკემიის, მეორე – გართულებული ჩუტყვავილას დიაგნოზით. ორივე შემთხვევაში გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას იაშვილის კლინიკის ექიმებს აკისრებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები