„წინასწარი მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნა საქართველოსთვის ხელსაყრელია“
წინასწარი მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნა არის საქართველოსთვის ხელსაყრელი, სასიკეთო, თუმცა მაინც დაველოდოთ ტექსტს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მსოფლიოში არსებული პრობლემები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე არათუ უარყოფით გავლენას მოახდენს, არამედ პირიქით – ”შეიძლება, რაღაც საკითხში” პროცესი დააჩქაროს.
“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომავალი კვირის განმავლობაში ველოდებით ევროკომისიის დასკვნას. წინასწარი მონაცემებით, ეს დასკვნა არის საქართველოსთვის ხელსაყრელი, სასიკეთო, თუმცა მაინც დაველოდოთ ტექსტს. ჩვენ ვიცით ზუსტად განწყობები ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში და გვჯერა, რომ მიგრაციულ პროცესებსა და ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებული პრობლემები გავლენას არ მოახდენს საქართველოს დაახლოებაზე ევროკავშირთან და პირიქით, შესაძლოა, რაღაც საკითხებში დაჩქარებული იყოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ევროკომისიის დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.