ნარკოდამოკიდებული პაციენტებისთვის სოფელ გრემში სარეაბილიტაცო ცენტრი გაიხსნება

სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ “თანადგომას” პროექტის კოორდინატორის, ვაჟა კასრელიშვილის განცხადებით, ნარკოდამოკიდებული პაციენტებისთვის სოფელ გრემში 24 -საათიანი სარეაბილიტაცო ცენტრი გაიხსნება.
როგორც კასრელიშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა, რომ სადღეღამისო ცენტრს ორგანიზაცია “თანადგომა” უკრაინელი კოლეგების დახმარებითა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხსნის.
ცენტრში დამოკიდებულების (ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე) მქონე დაახლოებით 12 ბენეფიციარის განთავსება იქნება შესაძლებელი. ცენტრის გახსნა დეკემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.
24- საათიანი სარეაბილიტაციო ცენტრი პროექტის – “აღმოვფხვრათ პრობლემები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად” ფარგლებში გაიხსნება. აღნიშნული პროექტი დღეს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” შეაჯამეს. საგამოფენო სივრცეში “თანადგომას” ორგანიზებით, კონფერენცია “ნარკოდამოკიდებულება: პრობლემები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” გაიმართა. ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები დაესწრნენ.
“ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევაა გაგრძელდეს პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ვგულისხმობ, მაგალითად, მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენის მიერ შეტანილ სარჩელს, რათა ქუჩის ნარკოტესტირებას წერტილი დაესვას. ასეთი მიდგომა პრობლემის გამოსავალი არ არის. თუ ჩვენ მივისწრაფით ევროპული ინტეგრაციისკენ, ევროპაში ამ პრობლემას სხვანაირად ებრძვიან. კერძოდ, მეტი ყურადღება ეთმობა, ნარკოდამოკიდებულების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საზოგადოებაში რეინტეგრაციას”, – აღნიშნა ვაჟა კასრელიშვილმა.
პროექტის ფარგლებში “ექსპო ჯორჯიაში” სოციალური საწარმოების ბენეფიციარების ნამუშევრები გამოიფინა. ყოფილმა ნარკოდამოკიდებულების მქონე პირებმა თექაზე შესრულებული ნამუშევრები, სამკაულები და სხვადასხვა ნივთი წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები