უჩა ნანუაშვილი: საპატრიარქო წარმოდგენილია შეწყალების სახელმწიფო კომისიაში
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა არსებულ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები.
ნანუაშვილი ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ მსჯავრდებულების შეწყალების კუთხით შეიქმნას დამატებითი კომისია.
“უნდა აღინიშნოს, რომ საპატრიარქო არის წარმოდგენილი შეწყალების სახელმწიფო კომისიაში. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან როდესაც შეწყალების საკითხებს ვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ვფიქრობ, საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა სწორედ არსებულ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები თუ რაიმე ხარვეზზეა საუბარი პროცესში ვისაუბროთ იმაზე, როგორ გაუმჯობესდეს უკვე არსებული კომისია. სხვა პარალელური სტრუქტურის შექმნა რა თქმა უნდა, სცილდება ყოველგვარ ლოგიკას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს ილია მეორემ სურვილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ პატრიარქს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება ჰქონდეს. მოგვიანებით, პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა.
“ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.