საგურამოში საგურამოჰესის მშენებლობა იწყება
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში საგურამოჰესის მშენებლობა იწყება. საგურამოს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე დაესწრნენ.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საგურამოს ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი – 32 მლნ.კვტსთ.
საგურამოჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და მასში კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. უწყების ცნობით, კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები – სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი. ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს. ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც საშუალებას იძლევა, შემცირდეს ზამთრის დეფიციტი. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.