ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 7 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა, ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს.
დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით; ასევე, ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.