ირაკლი ღარიბაშვილი: ამ მძიმე დღეებში ჩვენ ვდგავართ თითოეული აზერბაიჯანელის გვერდით
კასპიის ზღვაში “გიუნეშლის” პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.
ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად აზერბაიჯანელ ხალხს. “აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაში ნავთობის პლატფორმაზე მომხდარმა ტრაგედიამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაკარგულები. ეს დიდი განსაცდელია ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხისათვის.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მოძმე ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დღეებში ჩვენ ვდგავართ თითოეული აზერბაიჯანელის გვერდით და ვიზიარებთ მათ მწუხარებას“, -აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.
კასპიის ზღვაში მდებარე აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმაზე ხანძარი ოთხ დეკემბერს გაჩნდა. მწყობრიდან გამოვიდა მილსადენი, რამაც გაზის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, 32-ის გადარჩენა მოხერხდა. 30 მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.