გიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სატელეფონო საუბრისას კასპიის ზღვაში „გიუნეშლის” პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება, როგორც პრობლემის მოგვარების ეფექტურ საშუალებაზე.
“გიუნეშლის” ნავთობსაბადოზე მომხდარ ტრაგედიას ოფიციალური მონაცემებით, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. კიდევ 32 პირი მაშველებმა გადაარჩინეს. გამოძიების ვერსიით, ნავთობპლატფორმაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი შტორმის დროს გაზის მილის დაზიანება გახდა.