„პატრიარქის ინიციატივას თუ არ განიხილავენ პარლამენტში, მაშინ ვისი ინიციატივა უნდა განიხილონ?“

ამ ინიციატივის სისრულეში მოსაყვანად კონსტიტუციაში საჭირო იქნება ცვლილებები, რასაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პარლამენტმა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში ჩართვისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით საჭიროა უწმინდესის არგუმენტების მოსმენა და შემდეგ კანონმდებლების მოსაზრებების მოსმენა.
„მე მიმაჩნია, რომ პატრიარქის ინიციატივა დეტალურად უნდა იყოს განხილული. ამ ინიციატივას აქვს საკუთარი საფუძვლები. საქართველოს პატრიარქს აქვს საკუთარი არგუმენტები, აქედან გამომდინარე, პატრიარქის ინიციატივას თუ არ განიხილავენ საქართველოს პარლამენტში, მაშინ ვისი ინიციატივა უნდა განიხილონ?
არგუმენტებს უნდა მოუსმინონ კანონმდებლებმა, ინიციატივა არის ძალიან კარგი. მე მოვისმინე რამდენიმე მოსაზრება, რომ აბა სხვა აღმსარებლობის ადამიანებს ვინ შეიწყალებსო? თუ საქართველოს პატრიარქს რაღაც ფორმით მიეცემა საშუალება მოწყალებაში მიიღოს მონაწილეობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მართლმადიდებლებზე იქნება შეწყალება. ეს იყო უბრალოდ ერთი განცხადება უწმინდესობის და ახლა საჭიროა ამის არგუმენტების მოსმენა, დასაბუთება და თავად კანონმდებლების მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა ანუ კონსტიტუციაში საჭირო იქნება ცვლილებები, რასაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პარლამენტმა.
მთავარია ამაზე დაიწყოს მსჯელობა, მოვისმინოთ ის არგუმენტები, რომელიც აქვს საპატრიარქოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატრიარქს მაინც და მაინც მიეცეს ხელმოწერის უფლება. შეიძლება რაღაცა ფორმით მას მიეცეს განსხვავებული სტატუსი პრეზიდენტის წინაშე შუამდგომლობის დაყენებისა და საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინოს პატრიარქის აზრი.
ერთში ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს პატრიარქი ისე არაფერს არ იტყოდა, დასაბუთებული არგუმენტები რომ არ ჰქონოდა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები