ამირან სალუქვაძე: კარგი პრეცედენტია, როცა გენერალი აკადემიის უფროსად ინიშნება

საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად გენერალ ვ. ჩაჩიბაიას დანიშვნას ეხმაურება. ამირან სალუქვაძე დადებითად მიიჩნევს იმ პრეცედენტს, როცა შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი, გენერალი აკადემიის უფროსად ინიშნება.
მისი თქმით, როდესაც აკადემიის უფროსად პროფესიონალი და წარმატებული სამხედრო მაღალჩინოსანი ინიშნება, იგი მომავალი ოფიცრის მაგალითი უნდა იყოს და სწორებას მასზე აკეთებდეს.
„ვცდილობ საჯარო კომენტარი არ გავაკეთო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა გამონაკლისს გავაკეთებ.
გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრ. გენერალი ვ. ჩაჩიბაია თავდაცვის ეროვნული აკადემიის უფროსად (რექტორად) დაინიშნა. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი პრეცედენტია, როცა შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი, გენერალი, აკადემიის უფროსად ინიშნება.
ეს დანიშვნა არ უნდა ითვლებოდეს ჩამოქვეითებად, არამედ უნდა გაიაზროს ყველამ, რომ ეროვნული აკადემიის უფროსობა ერთ-ერთი საპატიო თანამდებობა და სამხედრო კარიერის ღირსეული გაგრძელება უნდა იყოს.
არამც და არამც, ეს არ უნდა იყოს კარიერის დასასრული, ანუ საპენსიო თანამდებობა. მინდა სწორად გაიგოთ, რასაც ვწერ, არანაირად არ ვეხები გენერალ ჩაჩიბაიას პიროვნულ ან პროფესიონალურ თვისებებს. მე ვწერ მხოლოდ პრეცედენტის შესახებ, რომელსაც უაღრესად დადებითად ვაფასებ. ბევრჯერ მითქვამს პირად საუბრებში, მათ შორის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომ აკადემიის უფროსებად უნდა ინიშნებოდნენ ისეთი ოფიცრები და გენერლები, რომლებმაც წარმატებულ კარიერას მიაღწიეს და ქართულ არმიაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ, კერძოდ, ჯარების სახეობათა სარდლები, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები და ა.შ.
იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს აკადემიის სხვა თანამდებობებზე: მოადგილეები, კურსების და ფაკულტეტების უფროსები.
აღნიშნულ თანამდებობებზეც შეიარაღებული ძალების წარმატებული და მცოდნე ოფიცრები უნდა დაინიშნონ.
იმედი მაქვს, შემდგომშიც ასე გაგრძელდება და ეროვნული აკადემიის უფროსებად პროფესიონალი და წარმატებული სამხედრო მაღალჩინოსნები დაინიშნებიან, აკადემიის უფროსი მომავალი ოფიცრის მაგალითი უნდა იყოს და სწორებას მასზე აკეთებდეს.
აკადემიის ახალ უფროსს კი წარმატებებს ვუსურვებ მომავალი თაობების აღზრდის საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეში“, – წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები