ჯანდაცვის სამინისტრო იაშვილის კლინიკაში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტით დაინტერესდა
ჯანდაცვის სამინისტრო იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტით დაინტერესდა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, უწყება პატარას გარდაცვალების ფაქტზე შესწავლას რამდენიმე დღეში დაიწყებს და სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურ კომისიას გაგზავნის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 წლის გოგონა მწვავე ვირუსული ინფექციით-ჩუტყვავილათი გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იაშვილის კლინიკაში 8 წლის ბუკა ნიკურაძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხით ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დაინტერესდა.
8 წლის ბუკა ნიკურაძე 29 ნოემბერს თბილისში გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამიდა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს მიმართავს და იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგ, პროფესორ ასმათ შენგელაიას წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს.