ევროპელი დეპუტატები ევროკავშირს მოუწოდებენ, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესოს
ევროპელი დეპუტატები ევროკავშირს მოუწოდებენ, საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმი დააწესოს. 31 პარლამენტარი ღია წერილით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინის, ევროკავშირის უმაღლეს კომისარს სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანსა და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებს მიმართავს.
ღია წერილის თანახმად, უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველოსა და უკრაინისთვის “აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი” ევროკავშირის ერთგულებას გაუსვამდა ხაზს.
“დარწმუნებული ვართ, რომ უვიზო რეჟიმის უპირობო დაწესება უკრაინისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, რომელმაც შესაბამის სფეროებში ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ასახავდა ევროკავშირის ერთგულებას “აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი”, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება იმის ფონზე, რომ ევროკავშირის ამ ასოცირებულ პარტნიორებზე უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლა ხორციელდება. გარდა ამისა, ეს გააძლიერებდა უკრაინისა და საქართველოს სიმტკიცეს, გააგრძელონ რეფორმების გზა და ხელი შეუწყონ პოზიტიურ დემოკრატიულ ცვლილებებს ამ ქვეყნებში. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით უკრაინელი და ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმით უკვე მომავალ წელს ისარგებლებს”, – ნათქვამია წერილში.