ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორი ვლადიმირ კოსმა – ქართველი მსმენელისთვის

 

 ბრავო რეკორდსი 5 დეკემბერს, 20:00 საათზე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ქართველ მაყურებელს გრანდიოზულ კონცერტს ჰპირდება. ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორის – ვლადიმირ კოსმას შემოქმედებას ქართველი მუსიკოსები შეასრულებენ. კონცერტის დეტალებზე „კვირა“ პროექტის ავტორსა და „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტს  ზაზა შენგელიას დაუკავშირდა.

 

-რატომ  შეარჩიეთ ვლადიმირ კოსმას შემოქმედება?…
– წინა საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოში ფრანგული ფილმები ძალიან პოპულარული იყო  ჟან პოლ ბელმონდოს, სოფი მარსოს, ალენ დელონის, ლუი დე ფიუნესის, რინო ვენტურას და სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით.  რა თქმა უნდა, ეს ფილმები ასოცირდება საუნდთრექებთან, ანუ მთავარ სიმღერებთან, რომლებიც იწერება ამ ფილმებისთვის. იგივე მუსიკალური თემები ძალიან განსაზღვრავს ფილმის ხასიათს, პოპულარობას, განწყობას და, აქედან გამომდინარე, ეს მუსიკა ძალიან საყვარელი და ნაცნობი იყო ქართველი მომღერლებისთვის. ჩემი სტუდენტობა „რკინის ფარდის“ პერიოდს დაემთხვა, ჩვენ არ გვქონდა წვდომა, არც ინტერნეტი არსებობდა… ამის გამო კინოში მიკროფონზე ვიწერდით მუსიკებს, შემდეგ ვაწყობდით, ვარჩევდით, ვსწავლობდით და მერე ამ ჩანაწერებს ერთმანეთს ვუზიარებდით. ამ ფორმით გამოვხატავდით ჩვენ სიყვარულს. ადრეული ბავშვობიდან მოდის ეს ინიციატივა და ეს იდეა. სიყვარული კოსმას მუსიკისადმი…
როცა 2011 წელს „ბრავო რეკორდსი“ დაფუძნდა, სულ ვფიქრობდი  მისი კინომუსიკის პროექტის განხორციელებაზე, დაახლოებით სამი წელი მოვუნდით ამ სამზადისს.  ამდენი დრო იმის გამო დაგვჭირდა, რომ საფრანგეთში მაღალი გადასახადებია,  ბევრი კომპანია ტოვებს ქვეყანას და მის გარეთ აქვთ ოფისები. როდესაც ჩვენ კოსმას  საფრანგეთის ტერიტორიაზე ვეძებდით, აღმოჩნდა, რომ მათ სათავო ოფისი  ნიდერლანდებში აქვთ. თითქმის ერთწლიანი ძიების შემდეგ ძლივს ვიპოვეთ და მის მუსიკალურ გამომცემლობასთან – Larghetto Music-თან დავიწყეთ მოლაპარაკებები. ცნობილია, რომ ეს ოქმები იმართება, მათი ყიდვა-გაყიდვა, გამოყენება რეკლამასა და  საჯარო შესრულებაში, უფლებები ნოტებად გამოცემისთვის. ეს ყველაფერი არის ინტელექტუალური საკუთრების რეგულირების საგანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არის დაცული, მაგრამ იქ ძალიან მაღალ დონეზეა.  მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ინდუსტრია, როგორც ბიზნესი,  საქართველოში ჩამოყალიბებული არ არის, „ბრავო რეკორდსი“ მაინც ცდილობს დასავლური სტანდარტებით, სწორი წესებით აწარმოოს თავისი საქმიანობა. ამის გამო ჩვენ დავხარჯეთ თითქმის ერთი წელი მოლაპარაკებებზე და შევთანხმდით  ამ პარტიტურების და მათზე უფლებების შესყიდვის პირობებზე. ეს იყო ძალიან რთული პროცესი, რადგან ისინი ასე ადვილად არ თანხმდებიან,  თანხის გადახდა საკმარისი არ არის. გვკითხეს, რომელი ორკესტრი შეასრულებს, ვინ იქნებიან სოლისტები, სად შესრულდება, რა ბიოგრაფია გვაქვს, რა გვაქვს გაკეთებული საერთოდ, რას წარმოვადგენთ და ა.შ.  ამ დიდი ფილტრის და პროცესის შემდგომ მოლაპარაკებები წარმატებებით დასრულდა.
– მისი რომელი კომპოზიციები შესრულდება?
– 
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ვლადიმირ კოსმას აქვს 200-მდე ფილმისთვის დაწერილი მუსიკა და, რა თქმა უნდა,   აქვს  სამუშაო სია, სადაც გარკვეული  კომპოზიციების ჩამონათვალია, სწორედ ეს კომპოზიციები არის ბაზარზე და მათზე უფლებები იყიდება. ჩვენ მოვითხოვეთ 50 პროცენტი ისეთი კომპოზიციებისა, რომელიც არ არის ამ სიაში. როცა ტელეფონით ვესაუბრე, ძალიან გაკვირვებული იყო ჩვენი მოთხოვნით. მკითხა, რატომ შევარჩიეთ ეს თემები, როცა სამუშაო სიაში მის მიერ დამუშავებული და უკვე გაჰიტებული კომპოზიციები იყო. თუმცა, ჩვენ და მუსიკალურმა პროდიუსერმა მარინა ბერიძემ  მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ამ რეპერტუარში შეგვეტანა უფრო ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ჩვენი – ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციები, ის, რომელსაც კოსმა თავის კონცერტებზე არ ასრულებს.
– პროექტში ახალგაზრდა მუსიკოსები ჩართეთ…
– 
ჩვენ ძალიან გვიყვარს ექსპერიმენტები, „ბრავო რეკორდსი“ ყოველთვის ცდილობს, იყოს ნოვატორი  და  ახლებური „კლიშეები“ შემოიტანოს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. კერძოდ, ეს მუსიკა ძალიან პოპულარულია უფროსი თაობის მაყურებელში,  მაგრამ ჩვენ გვინდოდა ამ მუსიკის პოპულარიზაცია. ვინაიდან ეს არის ძალიან ღირებული, მართლა კარგი და მაღალი დონის მუსიკა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებს შეესრულებინათ და ამით ახალგაზრდებში პოპულარიზაცია გაგვეწია. აღმოჩნდა, რომ ახალი თაობისათვის კოსმას შემოქმედების  ბევრი კომპოზიცია ნაცნობი იყო, რაც ძალიან  სასიხარულო ფაქტია.
გამორჩეული, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები და ყველაზე პოპულარული შემსრულებლები  მონაწილეობენ ამ კონცერტში. ესენი არიან: ნინა სუბლატი – „საქართველოს ვარსკვლავი“, ლუკა ზაქარიაძე – „საქართველოს ვარსკვლავი“, გიორგი ნაკაშიძე – საქართველოს „იქს-ფაქტორის“ გამარჯვებული, ქეთი ორჯონიკიძე – „ვარსკვლავების აკადემიის“ პრიზიორი, თამთა ცხვიტავა – „ბრავო რეკორდსის“ აღმოჩენა, ახალგაზრდა 36516516ვიოლონჩელისტი – ლიზა რამიშვილი, ანანო დოიაშვილი – უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერალი, ვალერიან შიუკაშვილი – პიანისტი, ლევან მასპინძელაშვილი – „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილე. ასევე,  ნელიკო აგირბა – „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამის წამყვანი. აღმოჩნდა. რომ ნელიკო არფაზე უკრავს და პატარა პარტია აქვს. მარიამ როინიშვილი და კიდევ ორი ახალგაზრდა შემსრულებელი, ანანო ღიბრაძე –  ქართველი მომღერალი,  რომლის ალბომზეც „ბრავო რეკორდსი“ მუშაობს და  მეორე სოფი ვინტერსი, რომელიც ჩვენი თანამემამულეა, თუმცა უცხოეთში ცხოვრობს, უნიჭიერესი ბავშვია, რომელთანაც ასევე „ბრავო რეკორდსი“ მუშაობს. რა თქმა უნდა, იქნება ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ჩვენი  ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ძლიერი ორკესტრი ნიკა რაჭველის ხელმძღვანელობით. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიწვიეთ  ჯანლუკა მარჩიანო – იტალიელი დირიჟორი და ასევე ბენდი „ნიუტო“.
– თავად ვლადიმირ კოსმა ხომ არ გეგმავს კონცერტისთვის  ჩამოსვლას?
– 
თავად არ ჩამოვა, მაგრამ ექსკლუზიურად კონცერტის მონაწილეებისთვის გამოგვიგზავნა ვიდეომიმართვა, რომელსაც 5 დეკემბერს იხილავთ, სადაც ამბობს, რატომ ვერ ესწრება ჩვენს კონცერტს…
– რამდენი კომპოზიცია შესრულდება და როდის იგეგმება დისკების გაყიდვა?
– 
ფილარმონიაში 19 კომპოზიცია შესრულდება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ DVD – დისკი გამოიცეს. ამისათვის მის გამომცემლობასთან ცალკე მოლაპარაკებაა საჭირო. იმედია, „ბრავო რეკორდსის“ მიერ ჩაწერილი ვლადიმირ კოსმას კომპოზიციების დისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში გაიყიდება.

ნინო ჯაჯანიძე 

 

 

 

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები