რას გულისხმობს უკონტაქტო პატრულირება – შს მინისტრის მოადგილე ახალ ინიციატივას განმარტავს

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა “მაესტროს ფაქტორში” შს სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება უკონტაქტო პატრულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამგვარი მეთოდი მოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.
მისივე თქმით, უკონტაქტო პატრულირება იქნება ვიდეომეთვალყურეობის რეჟიმში დაფიქსირებული დარღვევების იგივე რეჟიმში მიწოდება და დაჯარიმება, როგორც ამას შუქნიშანზე დამაგრებული ვიდეოკამერა აკეთებს.
“შსს-მ არსებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმა, რომელიც მოიცავს საკმაოდ ბევრ სფეროს. რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებას, ეს არის სიახლე, რომელიც, თუ პარლამენტი გაიზიარებს, უკვე მომავალ წელს დაინერგება. აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს 21 ქვეყანაშია აპრობირებული და წარმატებით მუშაობს. ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და არა ფარული აპტრულირება გულისხმობს, რომ პოლიციის ავტომობილი, შეიძლება იყოს ჩვეულებრივ ტაქსი, ან უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით, გადაადგილდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტითა და გრაფიკით, რომელიც ამ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აფიქსირებს დარღვევებს, რომლებსაც ახდენენ მის წინ და უკან მოძრავი სხვა ავტომობილები. ეს არის, დაახლოებით, პრიმიტიულად რომ წარმოვიდგინოთ, ქუჩის შუქნიშანზე დამაგრებული ვიდეოკამერა, რომელიც გადაადგილდება ქუჩაში და მოძრაობის რეჟიმში აფიქსირებს დარღვევებს. ეს არ გულისხმობს ჩასაფრებას ან თავლთვალს და არ გულისმხობს იმას, რომ პოლიციელი, რომელიც ამ ავტომობილს ატარებს, გააჩერებს დარღვევის შემთხვევაში მძღოლს და დააჯარიმებს, ეს იქნება მხოლოდ უკონტაქტო ვიდეომეთვალყურეობის რეჟიმში დაფიქსირებული დარღვევების, იგივე რეჟიმში მიწოდება და დაჯარიმება, როგორც დღეს ამას შუქნიშანზე დამაგრებული ვიდეოკამერა აკეთებს”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები