რა შემთხვევაში შეუძლია გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, პრეზიდენტი მარგველაშვილი ვალდებულია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომავალში მიხეილ სააკაშვილი მიმართავს თხოვნით, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ეს საკითხი კონსტიტუციის თანხმად მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადასაწყვეტი იქნება.
„პროცედურულად ეს საკითხი ასე გამოიყურება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, პრეზიდენტი მარგველაშვილი ვალდებულია, შეუწყვიტოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან მას შემდეგ, რაც მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ავტომატურად ამოქმედდა კონსტიტუციის მე-12 მუხლი, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ერთ-ერთი საფუძველი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებაა. აქ კანონი მკაცრად განსაზღვრავს ჩარჩოებს და პრეზიდენტი ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, იმოქმედოს კონსტიტუციურ ფარგლებში“.
ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილს ფართო დისკრეცია გააჩნია, ვინაიდან საკითხი იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება მიენიჭოს და რა დამსახურებისთვის ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუმცა, ამავე დროს, იმისათვის, რომ პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება გამოიყენოს, ჯერ დაინტერესებულმა პირმა მას განცხადებით უნდა მიმართოს.
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს ასეთი ექსკლუზიური უფლება, იგი მას ვერ განახორციელებს, თუ დაინტერესებულმა პირმა არ გააკეთა შესაბამისი განაცხადი. ანუ ამ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიმართოს პრეზიდენტ მარგველაშვილს თხოვნით და შემდგომში მხოლოდ მას ექნება უფლება, დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას განმცხადებელს აღნიშნულ თხოვნაზე. ასეთია კანონით გაწერილი პროცედურები და მისი დაცვა სავალდებულოა, როგორც მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებისთვის, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის“, -აცხადებს ამირან გიგუაშვილი „კვირასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები