ვიტალი გაბნია – რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზა აფხაზეთს საქართველოსგან კიდევ უფრო დააშორებს
ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა აფხაზეთს საქართველოსგან კიდევ უფრო დააშორებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განუცხადა.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინურ კომპანია China Railway-ს და რუსულ „რეგიონულ პროექტებს“ შორის რუსეთიდან კოდორის ხეობის გავლით აფხაზეთში საავტომობილო გზის მშენებლობის თაობაზე. გაბნია ამ გადაწყვეტილებას „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენას“ უწოდებს, რომლის „ერთ-ერთი განშტოება აფხაზეთზე გადის“. გაბნია აცხადებს, რომ ეს ამ გზის აღდგენის მესამე მცდელობაა. წინა მცდელობები დიდი ფინანსური ხარჯების გამო წარუმატებლად დასრულდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.