პრემიერი: სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სწორედ გამონაბოლქვი
„სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სწორედ გამონაბოლქვი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ რამდენიმე ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმითვე, შესაძლოა, კომპანიას, რომელიც კატალიზატორებს შემოიტანს, მათი განვადებით გაცემა ეთხოვოს.
„შემდეგ კი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შემოვა. ამას, რა თქმა უნდა, დროში გავწერთ, ჩვენ არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ეს ერთიანად გაკეთდეს. ამას სჭირდება გეგმის შემუშავება, რასაც უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას, მაგრამ მანამდე გთავაზობთ, კვლევა ჩავატაროთ და საზოგადოების აზრი გავიგოთ.
მე ვიცი, რომ სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სწორედ გამონაბოლქვი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში რამდენიმე ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.