მანანა კობახიძე: ძალიან არაობიექტურია საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მორგებულია “რუსთავი 2”-ის სუბიექტურ ინტერესებს. ამის შესახებ ურავლესობის დეპუტატმა კოალიციის პოლიტსაბჭოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნულით კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნის ნორმის შეჩერებას ეხება.

“გავეცანი სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილს და მიმაჩნია, რომ ძალიან არაობიექტურია საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც საკითხს ერთი იურიდიული პირის პრიზმაში იხილავს და ისე იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ნორმას ერთი სუბიექტის მიმართ აჩერებს, თუ ეს ნორმა სხვა სუბიექტს შეუქმნის პრობლემას, ეს როგორც ჩანს, სასამართლოს ზრუნვის საგანი არ არის. ეს ადასტურებს, რომ სასამართლო მორგებულია “რუსთავი 2”-ის სუბიექტურ ინტერესებს. მეტსაც გეტყვით, კანონი კრძალავს ნორმის შეჩერებას ერთი სუბიექტის მიმართ. თუ ნორმა უნდა შეჩერდეს, ის უნდა შეჩერდეს ყველას მიმართ და არ უნდა იყოს ცალმხრივი მიდგომა. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა მხოლოდ “რუსთავი 2″-ის სარჩელების განმხილველ კოლეგიად და ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე ზედიზედ იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს ერთი სუბიექტის სასარგებლოდ. სასამართლო შევიდა განხილვაში, რომ დღევანდელი მმართველობა თურმე არის სასარგებლო საზოგადოებისთვის და თუ დროებითი მმართველი დაინიშნება, ეს არასასარგებლო იქნებოდა. სასამართლო გაცდა კანონით დადგენილ ფარგლებს და ერთი სუბიექტის სასარგებლოდ შეაჩერა ნორმის მოქმედება, რაც ეწინააღმდეგება სამართლის არსს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები