ჯეიმს აპატურაი: საქართველოს ნატოს წევრობისთვის ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს
საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე არანაირი ახალი დაბრკოლება არ გაჩენილა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „დღეს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ პროცესი უცვლელი რჩება. ნატოსკენ მიმავალ გზაზე არანაირი ახალი დაბრკოლება არ გაჩენილა. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიხედვით, წევრობის სამოქმედო გეგმა ყოველთვის მომდევნო ნაბიჯს წარმოადგენდა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს“, – განაცხადა აპატურაიმ. მისი თქმით, საქათველოს ნატოს წევრობისთვის ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს.
„ვარშავის სამიტამდე ჩვენ გავზრდით საქართველოსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მხარდაჭერას, ყოვლისმომცველი პაკეტის გაძლიერებით. ამ პაკეტის განხორციელება აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს წევრობისთვის მომზადებას. ასე რომ, ძლიერი პაკეტი წევრობისთვის უფრო მომზადებულ საქართველოს ნიშნავს“, – აღნიშნა აპატურაიმ.
ვარშავის სამიტისთვის ნატო საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ გზებს შეისწავლის, – ამის შესახებ ნათქვამია ნატოს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეში.
“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და მიიღებს მაპს, როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს. დღეს კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს.