ზურაბ რთველიაშვილს შვედეთში “წლის საუკეთესო პერფორმანს-პოეტის“ ტიტული მიანიჭეს
შვედეთში ქართველ პოეტს, ზურაბ რთველიაშვილს „წლის საუკეთესო პერფორმანს-პოეტის“ ტიტული მიანიჭეს.
მიმდინარე წლის განმავლობაში პოეტი აქტიურად მონაწილეობდა შვედეთში გამართულ კულტურულ ღონისძიებებში, მას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ქალაქში არტისტულ და პოეტურ ფესტივალებზე.
„შვედეთში ასეთი ტრადიციაა, ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის პირველ რიცხვებამდე ტარდება ყველა დასკვნითი ღონისძიება და საღამო. სრულდება ყველა წლიური პროექტი, რადგან დეკემბერი მთლიანად ეთმობა საშობაო დღესასწაულებს და არტ-ივენთებს. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული და ტრდიციული ადგილია სტოკჰოლმში, ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ყოველი წლის 25 ნოემბერს ტარდება ძველ წელთან გამოსამშვიდებელი, შემაჯამებელი საღამო. მასში ბევრი ცნობილი შვედი არტისტი მონაწილეობს, რომლებმაც წლის განმავლობაში შვედური აუდიტორიის განსაკუთრებული სიმპათია და აღიარება დაიმსახურეს.
ამ წელს მე ღონისძიების ორგანიზატორებმა წარმადგინეს, როგორც „წლის საუკეთესო პერფორმანს-პოეტი“, მე გამოვედი ჩემს მეგობარ, ცნობილ ირანელ სუფისტ მუსიკოსთან ერთად. კავე შარიფი არაჩვეულებრივი შემსრულებელია, ის ასევე ცნობილია როგორც ძველი, ტრადიციული საკრავების მოდერნიზატორი. ამ საღამოს სწორედ ის მიწევდა მუსიკალურ აკომპანიმენტს, გამოსვლამ დიდი წარმატებით ჩაიარა …“ – განაცხადა „კვირასთან“ ზურაბ რთველიაშვილმა.