მცხეთა – თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება
„საგურამოსა და ცხვარიჭამიას გავლით, მცხეთა – თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ქუცნაშვილის განცხადებით, გზა, რომელიც აღდგება, 11 სოფელს მოიცავს. ჯამში, პროექტის მიხედვით, 15- კილომეტრიანი გზის ახალი მონაკვეთი აშენდება.
„ეს არის 40 წლის წინ გაყვანილი გზა, რომელიც სრულიად ამორტიზებულია და მწყობრიდან არის გამოსული. მცხეთა – თიანეთის დამაკავშირებელი გზა 11 სოფელს და ისეთ მნიშვნელოვან დასახლებებს მოიცავს, როგორიცაა საგურამოს და ცხვარიჭამიას დასახლება. პროექტის მიხედვით, 15- კილომეტრიანი გზის ახალი მონაკვეთი აშენდება და ამორტიზებული გზის სრული აღდგენა მოხდება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატი ასევე მთის კანონის ფარგლებში, მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის პენსიის ზრდის საკითხსაც შეეხო. როგორც თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, პენსია მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის მომდევნო წლიდან 56 ლარით გაიზრდება.