მარკ ცუკერბერგი ფეისბუქის აქციების 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
სოციალური ქსელის – ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის ამ კომპანიის აქციების 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ცუკერბერგის თქმით, აქციები, რომლებიც მას და მის ცოლს, პრისცილა ჩანს ეკუთვნის, სპეციალურ საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. მათი ფასი 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ცუკერბერგისა და ჩანის ფონდის მიზანი მსოფლიოში ბავშვების განვითარებისთვის თანაბარი პირობების შექმნაა. კერძოდ, ამ ორგანიზაციის საქმიანობა მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობა და მათი ინდივიდუალური განათლება იქნება. ამასთანავე, ცუკერბერგი სოციალურ ქსელს მომავალშიც უხელმძღვანელებს და მის განვითარებაზე იზრუნებს. ის საკუთარ მოვალეობას შვებულების შემდეგ დაუბრუნდება, რომელიც ქალიშვილის დაბადების გამო აიღო.
სოციალური ქსელი ფეისბუქი 2006 წელს შეიქმნა. ამჟამად ის მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელია. კომპანიის წყალობით, ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა.