იაშვილის საავადმყოფო გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო გარდაცვლილი მერაბ (ბუკა) ნიკურაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტი მერაბ (ბუკა) ნიკურაძე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, დაუდგენელი და სხვა კონვულსიებისა და პნევმონიის დიაგნოზებით მკურნალობდა. ამავე განცხადების საფუძველზე, პაციენტისთვის დიაგნოზი დასმული იქნა დროულად, კლინიკაში შესვლისთანავე და დადასტურდა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მ. იაშვილის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შემთხვევა შესწავლილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით, პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა. „კვირა“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პაციენტი ნიკურაძე მერაბ (ბუკა) მკურნალობდა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, დაუდგენელი და სხვა კონვულსიებისა და პნევმონიის დიაგნოზებით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიაგნოზი დასმული იქნა დროულად (კლინიკაში შემოსვლისთანავე) და დადასტურებული იქნა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მკურნალობა ასევე იქნა დაწყებული დროულად, დიაგნოზის დადგენისთანავე. მკურნალობა მიმდინარეობდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის ეროვნული და საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით და ამ პროტოკოლებში მითითებული მედიკამენტების გამოყენებით.
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დასმული იქნა სისხლის საერთო ანალიზის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოქიმიური, ცოტოგენეტიკური და იმუნოლოგიური (ძვლის ტვინის იმუნოფენოტიპირება-გამდინარე ციტომეტრით) კვლევების საფუძველზე. მკურნალობა წარმოებდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის მართვის ეროვნული და გერმანული პროტოკოლის (ALL-IC-BFM I პროტოკოლი) მიხედვით. გამოყენებული იქნა 4 ქიმიოთერაპიული პრეპარატი.
ქიმიოთერაპიის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული გართულებები მიეკუთვნება ხშირ გართულებათა რიცხვს და მათ შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდა მკურნალობის დაწყებამდე. 02.04.2015 წელს მშობლის მოთხოვნით პაციენტი გადაყვანილი იქნა თურქეთის კლინიკაში. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ პაციენტს ჩვენი კლინიკისათვის არ მოუმართავს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულთა მხოლოდ 77% ექვემდებარება მკურნალობას, ხოლო დანარჩენი 23% მთავრდება ლეტალური გამოსავლით. (მითითებული მაჩვენებელი 10 წლის წინ გაცილებით სავალალო იყო)
აღნიშნული შემთხვევა შესწავლილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
8 წლის ბუკა ნიკურაძე გუშინ თბილისში გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამიდა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს მიმართავს და იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგ, პროფესორ ასმათ შენგელაიას წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს.