ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი – რუსეთთან ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნა აფხაზეთს სჭირდება
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნა, პირველ რიგში, აფხაზეთს სჭირდება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე. წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ განუცხადა.
„ეს ხელშეკრულება ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების კუთხით ახალ პერსპექტივებს ქმნის. არის ხელშეკრულება, რომელიც მანამდე იყო ხელმოწერილი, მაგრამ მასში აფხაზეთისა და რუსეთის ერთობლივი ქმედებები სრულად გათვალისწინებული არ ყოფილა. ამის გარეშე კი აფხაზეთის არმიის მოდერნიზება და მისი დაფინანსების გაზრდა შეუძლებელია“, – აცხადებს ქიშმარია.
მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა ოკუპირებული აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიის ერთობლივ მოგერიებას გულისხმობს. გარდა ამისა, აფხაზი ოფიცრები მომზადებას რუსულ ჯარში გაივლიან. ასევე ე.წ. თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გაერთიანებულმა დაჯგუფებამ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ საომარ მოქმედებებში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა.