საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებია – თბილისში 10-ის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება
საკანომდებლო ორგანო საარჩევნო კანონმდებლობაში ახალ ცვლილებაზე მუშაობს. ცვლილების თანახმად, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. პროექტის ცვლილებები, რომლითაც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტს უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან ექვსი ფრაქცია აწერს ხელს. მას ხელს არ აწერს ფრაქცია – “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები”.
რაც შეეხება საქართველოში განთავსებულ დანარჩენ საარჩევნო ოლქებს, ჩამოყალიბდება მუნიციპალიტეტების გაერთიანება ან პირიქით. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ცვლილების შედეგად, შეძლებისდაგვარად, მიღწეული იქნება ხმათა თანაფარდობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.