უკანონო გარიგებები პედიატრებსა და ბავშვთა კვების კომპანიებს შორის – შესაძლებელია თუ არა ექიმის გაკონტროლება

გაზეთი „კვირის პალიტრა“ ბავშვთა კვების ობიექტებთან პედიატრების გარიგებაზე წერს და მეტი დამაჯერებლობისთვის მკითხველს ჟურნალისტური გამოძიების სქემას სთავაზობს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ჟურნალისტური გამოძიებისას სამწუხარო სურათი გამოიკვეთა.
„დაახლოებით ერთი თვის წინ “კვირის პალიტრაში” სატელეფონო ზარი გაისმა – მკითხველი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, ამტკიცებდა, რომ ექიმების არცთუ მცირე ნაწილი კერძო კომპანიებთან არის გარიგებული და პაციენტებისთვის სხვადასხვა მედიკამენტის დანიშვნის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულ თანხასაც იღებს.
გადავწყვიტეთ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, ნამდვილად ხდება თუ არა ექიმებსა და კერძოს კომპანიებს შორის უკანონო გარიგებები, თუ ეს მხოლოდ მითია. აქცენტი პედიატრებზე გავაკეთეთ. გამოძიება შემდეგი სქემით ჩავატარეთ, პოლიკლინიკები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ. გეგმა ასეთი იყო: ექიმებთან არარსებული ფარმაცევტული კომპანიის (“ფემილი”) სახელით უნდა მივსულიყავით, შეგვეთავაზებინა თანამშრომლობა და ამ მეთოდით გაგვერკვია, თანამშრომლობდნენ თუ არა ისინი კერძო კომპანიებთან ე.წ. შავი ანაზღაურების სანაცვლოდ.
ჟურნალისტური გამოძიებისას სამწუხარო სურათი გამოიკვეთა. პირველად ავჭალის ერთ-ერთ პოლიკლინიკას ვესტუმრეთ, პედიატრ ც.მ-ს შევხვდით და თავი “ფემილის” წარმომადგენლად გავაცანით. ვუთხარით, რომ ახალ სააფთიაქო ქსელს ვხსნით, ჩვენთვის პრიორიტეტული ბავშვთა კვებაა და მომხმარებლების მოსაზიდად ექიმების დახმარება გვჭირდება. პედიატრს გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, შეთავაზება არ უუცხოებია და ექიმებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის სქემაც გაშიფრა:
– აფთიაქებთან კონტაქტი არასოდეს გვქონია. ხელოვნური კვების შემომტან კომპანიებთან ჩვეულებრივ ვთანამშრომლობთ… თქვენი პირობები მითხარით და სხვა ექიმებსაც დაველაპარაკები. ისე, ეს ჩვენმა მთავარმა ექიმმა რომ გაიგოს, დაგვამხობს თავზე ყველაფერს. გამიგეთ? ამ თემაზე საუბარი გვეკრძალება. ამიტომ გითხარით, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით…
– როგორ უნდა მოვატყუო კომპანია, გაყიდვებს ხომ დაეტყობა? – ბავშვის მშობლებს ურეკავენ და ეკითხებიან, ხელოვნური კვების რომელ ნაწარმს ყიდულობს. კომპანიებს ჩვენ ვაწვდით სიას, რამდენი ბავშვი გვყავს ხელოვნურ კვებაზე… არავინ ეუბნება ბავშვის მშობელს, რომ კონკრეტული კომპანია ურეკავს. ამას ზოგადი გამოკითხვის სახე აქვს”, – გვითხრა პედიატრმა.
მისივე თქმით, ხუთ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბავშვს საკვებს იმის მიხედვით უნიშნავს, რომელი კომპანიის საკვებს “მიიღებს” ბავშვი. შესაბამისად, ის კომპანია უხდის ფულს, რომლის პროდუქციასაც ყველაზე მეტს გაყიდის თვის განმავლობაში“, – წერია სტატიაში.
მსგავსი ტიპის გამოძიება თბილისის რამდენიმე პოლიკლინიკაში ჩატარდა, სადაც თითქმის ერთი და იგივე სქემა გამოიკვეთა.
პედიატრების მხრიდან აღნიშნული ქმედება ბავშვზე ძალადობად შეაფასა პედიატრიის აკადემიის პრეზიდენტმა ქეთი ნემსაძემ და დასძინა, რომ “მთავარია, დედებს სამშობიაროშივე სწორი ინფორმაცია მიაწოდონ ხელოვნური კვების საფრთხეებსა და ბუნებრივი კვების უპირატესობებზე, რაც ექიმის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ ექიმის კეთილსინდისიერების პერიოდულად გაკონტროლება შეუძლებელია. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის საჩივარი კომიტეტში არ შემოსულა, თუმცა თეორიული შანსი მართლაც არსებობს, რომ მსგავსი გარიგებები პრაქტიკაში ხორციელდებოდეს, რაც მიუღებელია. ექიმი პროფესიულ განვითარებასა და შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ფინანსურ მოგებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები