მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ გადაწყვეტილებას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოში ორგანოების გაყიდვა „დაუშვა“, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი” წერს.
საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 31 წლის ლევან გვათუამ, რომელსაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება, რაც მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა. არადა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონი მას უზღუდავს იმ პირთა წრეს, რომელიც შესაძლებელია, მისი დონორი გახდეს.
ესენი არიან მხოლოდ ნათესავები, მეუღლე ან მეუღლის ნათესავები. კანონი კრძალავს სხვა პირის დონორობას იმ შემთხევევაშიც კი, თუ დონორი კანონით გათვალისწინებულ პირთა წრიდან ვერ მოიძებნება.
როგორც სტატიის ავტორი წერს, სწორედ ასე მოხდა ლევან გვათუას შემთხვევაშიც და მან ჩათვალა, რომ დადგენილი ნორმა მას სიცოცხლის კონსტიტუციურ უფლებას ართმევს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ეს ნორმა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით შეაჩერა.
„სასამართლომ, წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა და საქმის განხილვაში მონაწილე ექსპერტის განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ სადაო ნორმის მოქმედების პირობებში მოსარჩელის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. შესბამისად, დაადგინა, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ მოსარჩელის მიმართ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.
ამავე დროს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხე მხარის არგუმენტი ცოცხალ დონორობაზე უფლების მქონე პირთა წრის გაფართოების შემთხვევაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხეების წარმოშობის შესახებ და მიუთითა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ იწვევს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ლეგალიზებას. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა სისხლის სამართლის დანაშაულია და, ამავე დროს, კანონმდებლობა ითვალისწინებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პრევენციის სხვა მექანიზმებსაც.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არ არსებობს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სტიმულირების იმ ხარისხის საფრთხე, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმას და ამით მოსარჩელის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას“, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები