“პოზიცია” და მერაბ სეფაშვილი თემურ ჯიმშელეიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამოს გამართავენ
ხვალ, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ორგანიზებით, Urban lounge – ში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელიც 7 წლის მოზრდის დასახმარებლად 20:00 საათზე დაიწყება.
როგორც “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს, თემურ ჯიმშელეიშვილის დასახმარებლად საღამოზე მერაბ სეფაშვილი იმღერებს. “ქველმოქმედება გრძელდება! 29 ნოემბერს, 20:00სთ-ზე, Urban lounge – ში, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” – ს ინიციატივით გაიმართება პროექტის „ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად“, რიგით მეექვსე საქველმოქმედო ღონისძიება.
ამჯერად მერაბ სეფაშვილთან ერთად ვეხმარებით 7 წლის თემურ ჯიმშელეიშვილს, რომელსაც აქვს ცერებრალური დამბლა და ჰიდროცეფალია.
ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცემა ყველა იმ ორგანიზაციასა და პიროვნებას, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო საღამოების ჩატარებაში. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ა/ო „პოზიცია“ იუბილარია და ამასთან დაკავშირებით, განვლილი ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის მოკლე პრეზენტაციაც გაიმართება”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
