ზურაბ აბაშიძე: რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დასაწყებად ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიღებულია

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალების დაზუსტების მიზნით სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბეში გაიმართება.
“ჩამოვყალიბდით, შეთანხმებულად მუშაობს სამუშაო ჯგუფი. მე აქტიურად აღარ ვარ ჩართული. ფინანსთა სამინისტრო ხელმძღვანელობს პროცესს. ამის დასტურია ის, რომ სექტემბრის ბოლოს გაიმართა სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. კიდევ ერთი უნდა გაიმართოს წლის ბოლომდე და დაველოდოთ”, – აღნიშნა აბაშიძემ.
რაც შეეხება, ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურების ფაქტს, აბაშიძე ამბობს, რომ თავდაპირველად ახალ ხელისუფლებას დასჭირდა დრო საკითხში გასარკვევად და იყო გარკვეული კითხვები და სკეპტიციზმიც.
შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, 2011 წელს შედგა. მონიტორინგი ნეიტრალურმა შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა უნდა განახორციელოს, რომელთანაც კონტრაქტები როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა უნდა გააფორმოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები