ზურაბ აბაშიძე: რუსეთი და თურქეთი თუ არ მორიგდა, შესაძლოა, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია დაზარალდეს
რუსეთი და თურქეთი თუ არ მორიგდა, ამან შეიძლება რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და არა მხოლოდ რეგიონში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. როგორც აბაშიძე ამბობს, რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობა საქართველოს სატრანზიტო როლზე რეგიონში ნეგატიურად აისახება.
“ყველას იმედი გვაქვს, რომ განიმუხტება სიტუაცია და პოლიტიკოსები გონივრულად მიუდგებიან ვითარების დარეგულირებას. რადგან ყველა შეიძლება დაზარალდეს, ამან შეიძლება რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და არა მხოლოდ რეგიონში. ეს ორი ქვეყანა თუ არ მორიგდა, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. პატარ-პატარა ელემენტები უკვე ჩვენც ვიგრძენით, ლარსზე პრობლემები შეიქმნა. თუ სატრანზიტო ქვეყანა ვართ, ამით მოგვაქვს თავი და ეს ფუნქცია რაღაცნაირად დაზარალდება, რა თქმა უნდა, ეს ცუდია”, – განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ მიუხედავად არსებული სახიფათო სიტუაციისა, ვითარება განიმუხტება.
“მართლა ძალიან სახიფათო ვითარებაა. ისტორიული გამოცდილება ასეთია, განსაკუთრებით დიდი მსოფლიო ომების დაწყებისა, ესკალაცია ასე პატარა რაღაციდან იწყება, შემდეგ სადღაც ისვრიან. თვითმფრინავის ჩამოგდება ძალიან სერიოზული ამბავია, მაგრამ ვფიქრობ, ეს სიტუაცია აუცილებლად განიმუხტება, რადგან ობიექტურად არავის ინტერესშია, რომ კონფლიქტის გაღრმავების გზით წავიდეს. ამის ელემენტები უკვე შეინიშნება. ორივე მხრიდან, მოსკოვიდანაც და ანკარიდანაც პატარ–პატარა სიგნალები მოდის”, – აღნიშნა აბაშიძემ.