ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკომისიამ საქართველოსთვის ახალი დახმარების პაკეტი მიიღო, რომლის საერთო მოცულობა 100 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმებასა“ და მობილურობის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებულ რეფორმებს შეუწყობს ხელს.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა დღეს განაცხადა, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა.
„ეს დახმარების პაკეტი ხელს შეუწყობს ამ კიდევ უფრო გაღრმავებული ურთიერთობის ცენტრალურ ელემენტებს“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ახალი პაკეტი საქართველოს დაეხმარება საჯარო ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში დასახულ მიზნებს რეფორმებით მიაღწიოს. ასევე, ხელს შეუწყობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
დაფინანსებას ევროპის სამეზობლოს ინსტრუმენტი (ENI) იძლევა, რომლის მეშვეობითაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, დაფინანსების უზრუნველყოფა ხდება.
მიმდინარე პროგრამირების პერიოდში სამი მთავარი პრიორიტეტი გამოიყოფა, რომელთა შორის საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება, ასევე, მართლმსაჯულების რეფორმა შედის.