ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ბრიტანეთის შემოსავლების სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემოსავლებისა და საბაჟო სამსახურს (HMRC) შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთდახმარების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურის (HMRC) დირექტორის ასისტენტმა ფლორენს ტენენტნმა.
მემორანდუმი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობას და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცველ სამსახურებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმი მოიცავს სამართლებრივ თანამშრომლობას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, საგადასახადო, საბაჟო და ფინანსური სახის დანაშაულის სფეროში.
ასევე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საკითხებში. მემორანდუმი ითვალისწინებს საბაჟო და საგადასახდო დანაშაულის თავიდან აცილების, დადგენის, აღკვეთისა და გამოძიების სფეროში ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკულ საკითხებს და არეგულირებს ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის ურთიერთდახმარებას.
მემორანდუმი ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კონვენციას, სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპულ კონვენციას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაეროს კონვენციას და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს და საქართველოს შორის ხელმოწერილი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები