გიორგი მარგველაშვილი: უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე

უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი – ქვეყნები, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები, რეალურად დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე, ეს არის ამ ქვეყნებისთვის რეალური გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ევროპისთვის შავი ზღვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, თითქმის ყველა ქვეყანა, გარდა რუსეთისა, არის ჩართული ევროპული თანამშრომლობის კონტექსტში.
“ჩვენ ვართ შავი ზღვის ქვეყანა, ზღვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის. შავი ზღვა გახდა ფაქტობრივად ევროპული ზღვა, რომლის აუზშიც გაერთიანებული თითქმის ყველა ქვეყანა, რუსეთის გარდა, არის ჩართული ევროპული თანამშრომლობის კონტექსტში. ეს როლი გასაღრმავებელია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ არჩევანზე და განაცხადა, რომ საქართველო სწორედ ამ არჩევანისთვის დაისაჯა “ჩრდილოელი მეზობლის მიერ”.
“შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი ქვეყნები, როგორიც არის უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი, ქვეყნები, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები, რეალურად დგანან ტერიტოტრიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე. ეს არის ამ ქვეყნებისთვის რეალური გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან, ეფუძნება რუსეთის პოლიტიკას, პრივილეგირებული ინტერესის სფეროები გაავრცელოს თავის სამეზობლოში. საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც თავისი თავისუფალი არჩვენისთვის დაისაჯა თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები