რომან კუსიანი ხათუნა გოგორიშვილს: ღორს გეძახდა ცხონებული
პარლამენტის ყოფილი წევრი რომან კუსიანი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს სოციალური ქსელით ეხმაურება. ის ხათუნა გოგორიშვილს ფეისბუქიდან მიმართავს და მას საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ცრუ ვერსიის“ ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
„ღორს გეძახდა ცხონებული და ეხლა საბოლოოდ დაამტკიცე, ეს ინკოგნიტო რესპოდენტიც შენ ხარ და მიშას ვერსიის ტირაჟირებას აკეთებდი და აკეთებ“, – წერს რომან კუსიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა გოგორიშვილმა გაზეთ „პრემიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ექსპრემიერის გარდაცვალების უკვე გავრცელებულ ვერსიაში ეჭვი არ ეპარება.
„გეტყვი პირდაპირ, რომ მე ვარ ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, ვინც თავიდან ბოლომდეა გაცნობილი ამ საქმეს. სულ სამი ადამიანი ვართ, ვინც ყველა დოკუმენტს გავეცანით. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო გარდაცვალების ვერსიაში. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დეტალი ვიცი, რაც აქამდე იყო, და ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, სხვა რამე ვივარაუდო… „, განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა ინტერვიუში.
ამავე სტატიაში ინკოგნიტო რესპოდენტი ჟვანიას გარდაცვალების დეტალებს აღწერს:
„გია ბარამიძე, რომელიც პირველი იგებს მეგობრის დაღუპვის ამბავს, უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. გაითვალისწინეთ სააკაშვილის ფსიქიკური და ემოციური პორტრეტი. ის ვარდება შოკში და ყვირის- “არა! ტყუილია! გეშლება რაღაც. როგორ? ეს შეუძლებელია!” პრეზიდენტი გამოდის შავნაბადის რეზიდენციიდან, ჯდება მანქანაში- საჭესთან, უკან მოსდევს დაცვა, ქოქავს მანქანას და ეშვება თბილისისკენ. ერთ-ერთ მოსახვევში ის ვერ იმორჩილებს საჭეს და ეჯახება ხეს. დაცვას გადმოჰყავს მანქანიდან, დაზიანებული აქვს ნეკნები, მკლავი, თავი. დაცვა სვამს მანქანაში და სურს, მიაბრუნოს უკან…
ამასობაში “ელიტა” შეკრებილია. მისაღებია გადაწყვეტილება- რა ვქნათ? ჩნდება მოსაზრება, რომ ეს ფაქტი დაანგრევს ხელისუფლებას, საზოგადოებაში გააჩენს აგრესიას და ა.შ.
სააკაშვილი კატეგორიულად ითხოვს, რომ არავითარი “ბინა”, არავითარი “გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა”. ახსენებს ჟვანიას ოჯახს, შვილებს და არაფრის მოსმენა არ უნდა. ის მოითხოვს, რომ ბინიდან გამოიტანონ ცხედრები და გარდაცვალების მიზეზი იყოს ნებისმიერი სხვა რამ- გული, ინსულტი… მხოლოდ არა კონსპირაციული ბინა.
მერაბიშვილმა დასვა კითხვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: კარგი, მიშა, ვთქვათ, ჩვენს ექსპერტიზას დავაწერინეთ ის, რაც გვინდა- გული, ინსულტი, ნებისმიერი რამ. მაგრამ ხომ ცხადია, რომ გარდაცვლილია პრემიერ-მინისტრი, გამოძიებაში ჩართვას მოითხოვს “FBI”. ვთქვათ და ავუხსენით მათაც, რატომ გავაკეთეთ ეს. მაგრამ ვიღაც ექსპერტის ენას სად ვდიოთ წლების განმავლობაში- ვინ როდის მოაღებს პირს?
აქვე ადეიშვილი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ გაგუდვისას გარდაცვლილისა და გულით ან ინსულტით დაღუპულის ვიზუალური სტრუქტურა სხვადასხვაა, რასაც ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევს და ეს უფრო მეტ კითხვას გააჩენს. შესაბამისად, სწორედ ეს კითხვები გახდება საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ნეგატივის ზრდის განმსაზღვრელი და სააკაშვილსა და მის მთავრობას პრემიერის მკვლელის იარლიყის ტარება მოუწევს. ეს იქნება ცუდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეპუტაციას შეულახავს მთავრობას ქვეყნის გარეთაც და განსაკუთრებით აშშ-ის თვალში.
ირაკლი ოქრუაშვილი მართალს ამბობს- ჟვანიას ცხედარი საბურთალოს #53-ში მიიტანეს. ალბათ, კარგად გახსოვთ ბატონი თემურ შაშიაშვილის მიერ საქართველოდან გადახვეწილ ერთ ქალბატონზე აპელირებაც, რომელიც აცხადებდა, რომ მას და მის მეუღლეს მართლაც შეეფეთნენ ადამიანები საბურთალოს #53-ის სახლის სადარბაზოში, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბინაში ჟვანიას ცხედარი შეჰქონდათ. დიახ, ისინი მართლები არიან. უბრალოდ, იმ ქალბატონისგან განსხვავებით ირაკლი ოქრუაშვილი ნახევარ სიმართლეს ამბობს. ეს ცხედრები ამ ბინიდან გაიტანეს და მერე ისევ დააბრუნეს“, – წერს გაზეთი „პრემიერი“ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით.