გოკა გაბაშვილსა და ირაკლი შოთაძეს შორის შელაპარაკება მოხდა

მთავარი პროკურორობის კანდიდატსა და საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრს, გოკა გაბაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.
ინციდენტი გაბაშვილის მიერ დასმულ კითხვას მოჰყვა. კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა, ახლა როგორ აფასებს ირაკლი შოთაძე ნასამართლევი ყოფილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნას, მაშინ, როდესაც იგი მისი პირველი მოადგილე იყო.
გაბაშვილის საპასუხოდ შოთაძემ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი მეგობარია და პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას არ აპირებს.
„ოთარ ფარცხალაძე ჩემი მეგობარია, ეს არასდროს არ დამიმალავს და არც ვაპირებ დამალვას. იგი არის ღირსეული ადამიანი და ძალიან სამწუხაროა, რომ 2 წლის გასვლის შემდეგაც თქვენ ცდილობთ, რომ მისმა პიროვნებამ აქტუალურობა არ დაკარგოს. ეს ადამიანი საჯარო სამსახურში აღარ მოღვაწეობს, თუმცა მისი მისამართით კვლავ გაისმის განცხადებები“,-აღნიშნა შოთაძემ.
მისივე მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურასა და, ზოგადად, საჯარო სტრუქტურებთან შეხება არ აქვს.
„მე, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარზე გული შემტკივა და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ფორმატშია ეს თემა განსახილველი. მან დამნიშნა პირველ მოადგილედ, როდესაც იგი დაინიშნა მთავარ პროკურორად. ფინანსურ პოლიციაშიც რამდენიმე თვე მასთან ვმუშაობდი, როდესაც ის იყო საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსი, თუმცა იყო სხვა სიტუაციაც, როდესაც მე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიყავი და ის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი. შესაბამისად, იმაზე მსჯელობა, რომ ვინმე ვინმეს კადრი არის, ან ვინმე ვინმეს კადრი არ არის, ვფიქრობ, ზედმეტია. ორივეს ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. მან თავისი გამოცდილება და სტაჟი გამოიარა. მე ჩემი გზა გამოვიარე. ოთარი ჩემი მეგობარია და შეფასებისგან თავს შევიკავებ. ამდენი პოლიტიკოსი ბრძანდებით, თქვენთვის მომინდვია ამ შეფასებების გაკეთება და საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები