რა ცვლილებებს გეგმავს ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ

პროკურატურისა და პროკურორების დამოუკიდებლობის ამაღლებისათვის საჭიროა შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს განუცხადა.
მისივე თქმით, თანამედროვე ეტაპზე ხელმღვანელის უსიტყვოდ მორჩილი პროკურორი არ არის საჭირო.
„მნიშვნელოვანია პროკურატურის შიდა ინსტუტუციონალური რეფორმირება. ვფიქრობ, პროკურატურის და პროკურორების დამოუკიდებლობის ამაღლებისათვის საჭიროა შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვა. როდესაც პროკურორების წახალისება და დასჯა არ იქნება დამოკიდებული მენეჯერის შეხედულებაზე მხოლოდ, არამედ დამოკიდებული იქნება თითოეული მუშაკის მიერ გაწეული შრომის ხარისხსა და მოცულობაზე. მინდა გითხრათ, რომ შეფასების სისტემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ეს იქნება ელექტრონული სტატისტიკური მოდელი, თუმცა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ის კრიტერიუმებიც, რომელიც ვერ და არ შეიძლება მოცემული იყოს სტატისტიკით – როგორიც არის საქმეების სირთულე, მოცულობა, რეზონანსულობა და ა.შ. თანამედროვე ეტაპზე ჩვენ არ გვჭირდება ხელმძღვანელის უსიტყვოდ მორჩილი პროკურორი, ჩვენი მიზანია, მივიღოთ მრავლად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე დამოუკიდებელი პროფესიონალი პროკურორები“, – განაცხადა შოთაძემ.
შოთაძის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პროკურატურის სისტემაში კოლეგიური საკონსულტაციო ორგანოს, საბჭოს შექმნა, სადაც, დისკუსიის ფარგლებში, მოხდება პროკურორთა მხრიდან დისციპლინარული დარღვევების შეფასება და სასჯელის ზომის განსაზღვრა.
„ასევე, გამორჩეული პროკურორების მიმართ წახალისების ზომების, მათ შორის, დაწინაურების საკითხების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება და გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანი იქნება, ამ საბჭოში თუ ჩავრთავთ, საპროკურორო საბჭოს წევრ პროკურორებს, ვინაიდან ესენი არიან ის პროკურორები, რომლებსაც თავისი მანდატი და ნდობა გამოუცხადა პროკურორთა უმრავლესობამ. შესაბამისად, ასეთ ფორმატში თითოეულ პროკურორს ექნება მეტი დაცულობის და დამოუკიდებლობის შეგრძნება და გარანტია. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ეხება პროკურორის დაწინაურებას, დასჯას და წახალისებას, ამ გადაწყვეტილებებში აქტიურად ჩაერთვებიან მათ მიერვე არჩეული პროკურორები და მსგავსი გადაწყვეტილებები აღარ იქნება მიღებული ერთპიროვნულად, თუნდაც მთავარი პროკურორის მიერ“, – აღნიშნა შოთაძემ.
პროკურორობის კანდიდატის განმარტებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მარტო ლიბერალიზაციაზე, არამედ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
„პროკურატურის ავტორიტეტის ასამაღლებლად, ასევე, საჭიროა ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება არა მარტო კანონთან იყოს შესაბამისობაში, არამედ, იყოს სამართლიანი. ბოლო პერიოდში ხშირად გამოითქმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს ლიბერალური, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა, ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მარტო ლიბერალიზაციაზე, არამედ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. საპოვნია „ოქროს შუალედი“, რომ ამ კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ ზიანი არ მიაყენოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები