როგორ გადაარჩინეს 11 წლის ბავშვი სასწრაფოს ექიმებმა – მოზარდის ბებია „ევექსს“ უყურადღებობაში ადანაშაულებს

11 წლის მოზარდის ბებია სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც ბებია გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ყვება, მისი შვილიშვილი ალერგიული შეტევით კლინიკა „ევექსში“ მიიყვანეს, თუმცა ექიმმა-ალერგოლოგმა მომაკვდავი ბავშვის გასინჯვაზე უარი თქვა და მხოლოდ სასწრაფო დახმარების გამოძახება ურჩია.
მისივე თქმით, ბავშვის გადარჩენა სასწრაფოს ექიმებმა შეძლეს. მოზარდის ბებია ექიმებს დროულად გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„შვილიშვილი სკოლაში წავიყვანე, გაკვეთილიდან გამოვიდა და მითხრა, ცუდად ვარ, ვკვდებიო. როცა შევხედე, ფერი არ ედო. სკოლის უკან კლინიკა „ევექსია“ და იქ წავიყვანე. ალერგოლოგის ნახვა მინდოდა და სანამ რეგისტრატურაში გაფორმებას მთხოვდნენ, ამასობაში ბავშვი უარესად გახდა. შემოვიდა ექიმი, ბავშვი ადგილზე გასინჯა, „ალბათ ალერგიის ფონზეა რაღაცო“,- ასე თქვა და დაგვტოვა. ასე მითხრეს, „ვერ გავუწევთ დახმარებასო“.
ბავშვი უფრო ცუდად გახდა. ვიღაცამ მითხრა, სასწრაფოს გამოუძახეო. სასწრაფოც მოვიდა და უახლოეს კლინიკაში გადაგვიყვანა. იქ, რა თქმა უნდა, გაუწიეს დახმარება და დღესდღეისობით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.
სასწრაფო დროზე რომ არ მოსულიყო, შეიძლება ბავშვი დამხრჩვალიყო. იმის გამო, რომ ამბულატორიული კლინიკაა, პაციენტი ხომ არ უნდა მოკლან? ბავშვი სრულიად უყურადღებოდ დატოვეს და არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს. ბავშვი შესასვლელში სკამებზე წამოვაწვინეთ, იხრჩობოდა „არ ეხება კლინიკასო“,- გამუდმებით ასე ამბობდნენ.
ექიმების ასეთმა დამოკიდებულებამ ბავშვზეც დამთრგუნველად იმოქმედა. უცნაურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების გამოძახება და სხვა კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
როცა ექიმი შემოდის საავადმყოფოში, ხედავს ბავშვის მდგომარეობას და მეუბნება,რომ ბავშვს დახმარებას ვერ გაუწევს, შეიძლება ექიმმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ასე შეაფასოს?!“,- განაცხადა გამოცემასთან საუბრისას ბებიამ, რომელმაც გამოცემის საშუალებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს დროული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ისინი რომ არა, არ ვიცი, რა მოხდებოდა“,-აცხადებს იგი.
აღნიშნულის გასარკვევად, „პრაიმტაიმი“ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს გიორგი ნიორაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კლინიკა ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაა, სადაც პაციენტებს, ძირითადად, პირველადი ჯანდაცვის სერვისებს აწვდიან.
„ამბულატორიულ ცენტრში შემოსვლისას ექიმ-სპეციალისტების მიერ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და ის არ იყო მიჩნეული მძიმე, ან სიცოცხლისთვის შეუთავსებელ მდგომარეობად. ამ შემთხვევაში მისი გადაყვანა შოკის დარბაზში მოხდებოდა, რაც ჩვენს ამბულატორიულ ცენტრს აქვს.
პაციენტს უფრო მეტად სხვა ლიცენზიის მქონე ექიმის დახმარება ესაჭიროებოდა. თუ ექიმს არ აქვს შესაბამისი სამედიცინო მიმართულებაში ლიცენზია, მისი ნებისმიერი ქმედება, თუნდაც კეთილშობილური სურვილებით, არის კანონის უხეში დარღვევა. ამიტომ, ჩვენ პაციენტის უფლებებისა და საექიმო საქმიანობის სრული დაცვით გადავამისამართეთ პაციენტი სხვა კლინიკაში. შეგვეძლო პაციენტი დაგვეტოვებინა, გვემკურნალა, აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა კიდეც, მაგრამ თუ საქმე გართულდებოდა, სათქმელი არ გვექნებოდა და დავასაც წავაგებდით“, – განაცხადა ნიორაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები