თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია დღეს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე გარემოვაჭრეთა მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
„დღეს TCS შპს-ს დირექტორმა, ჯემალ გიგუაშვილმა, რომელსაც იჯარით აქვს აღებული თამარ მეფის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორია,  მისივე ქვემოიჯარეებს განუცხადა, რომ აპირებდა იჯარის ქირის გაზრდას მომდევნო წლის იანვრის თვიდან, რამაც გამოიწვია მოვაჭრეთა უკმაყოფილება და საპროტესტო აქცია.
გაცნობებთ,რომ კომერციული  ფართი თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის  მიმდებარედ, მოიჯარე შპს TCS-ზე თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 24 თებერვალს პირდაპირი განკარგვის წესით იქნა გაცემული.
აღნიშნული ფართი 2021 წლამდე გაცემულია იჯარით, შესაბამისად, ქვემოიჯარეებისათვის ქირის დაწესება წარმოადგენს მოიჯარის პრეროგატივას.
თბილისის მერიას, მის წარმომადგენელ შპს „უძრავი ქონება – თბილისს“  შპს TCS მიმართ არ განუხორციელებია საიჯარო ქირის გაზრდა“, – აცხადებენ მერიაში.
დღეს, თამარ მეფის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელში მომუშავე მოვაჭრეებმა, ფართზე ყოველდღიური გადასახადის შემცირების მოთხოვნით, ცენტრალური გზა გადაკეტეს.
მოვაჭრეების განცხადებით, მათ დღეს შეიტყვეს, რომ ყოველდღიური გადასახადის 6 ლარიდან 8 ლარამდე გაზრდა იგეგმება. მათივე თქმით, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან.
,,არ არის შესაბამისი პირობები, არის საშინელი სუნი, ანტისანიტარია, გაუსაძლისი სიცივე, ყველაფერს გავაკეთებთ, თავს დავიწვავთ, რომ არ გაგვიძვირონ გადასახადი“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მათივე განცხადებით, თუ გადასახადი არ დაიკლებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და არ გამორიცხავენ, რომ აქცია თბილისის მერიასთან გააგრძელონ.
აქციაზე ტერიტორიის დირექტორი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ საფასური არ შემცირდება, რადგან, მისივე მტკიცებით, ფართების გაძვირება დოლარის კურსიდან გამომდინარე მოხდა.
,,მე ვარ მეპატრონე, ვაქირავებ ფართს და ხელშეკრულების ვადა გადის, ამ ხელშეკრულების მერე 6 ლარის მაგივრად გადასახადი იქნება 8 ლარი. სულ ეს არის“, – განაცხადა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები