ანა დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ბრიუსელში ვიზიტს მინისტრის მოადგილე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელთან გაბორ იკლოდისთან შეხვედრით დაიწყებს. ანა დოლიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული და უსაფრთხოების თავდაცვის კოლეჯების გაერთიანების კონფერენციაში – „საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ბოლოდროინდელი განვითარება და მათი პოტენციური გავლენა წვრთნაზე“.

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ნატოს შტაბ-ბინაში გეგმავს შეხვედრებს. ანა დოლიძე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს, თრასივოულოს ტერი სტამატოპოულოსსა და გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, მარიეტ შურმანს შეხვდება. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლების კუთხით მიმდინარე რეფორმებსა და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანა დოლიძე ნატოს თავდაცვის განათლების და შენარჩუნების პროგრამის ჯგუფის წევრებთან (DEEP) და კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის წარმომადგენლებთან ისაუბრებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ბელგიის სამეფოში 28 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები