თბილისელების მიერ “საფლავს” მიმსგავსებულ სკვერზე დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სკვერზე, რომელიც საფლავს მიამსგავსეს, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პირველი კომენტარი გააკეთა.

დავით ნარმანიას თქმით, ტერიტორია  მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შემოიღობა.

“ჩემთვის ყველაზე მთავარია, გავაკეთოთ საქმე, რასაც საზოგადოება ითხოვს. სწორედ მოსახლეობის მოთხოვნა იყო, თუ რაღაცა ტერიტორიაზე ვინმეს რაიმე გასაკეთებელი, ან ვინმეს რაიმე მოთხოვნა ჰქონდა, ამაზე ადეკვატურად გვეპასუხა. ჩვენით არ გაგვიკეთებია. მოსახლეობა ითხოვდა და დღესაც ითხოვს, რომ ცალკეული დაუცველი ტერიტორია შემოვღობოთ და შესაბამისი პროექტები შევადგინოთ. ესეც იგივე პროექტი იყო, რომელიც თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი შემოსული განცხადებების საფუძველზე გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსწონთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოითხოვეს. თუ ვინმეს რამე არ მოეწონება, მზად ვართ, შევასწოროთ ეს ყველაფერი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერი არ აკონკრეტებს, თავად მოსწონს თუ არა სკვერი, რომელიც საფლავს მიამსგავსეს, თუმცა ნარმანია დარწმუნებულია, რომ სკვერი მოსწონთ მათ, ვინც შემოღობვა მოითხოვა.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას #9-სთან მერიამ ახალი სკვერის მშენებლობა დაასრულა. სამუშაოები დახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. აღნიშნული სკვერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები, ასევე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის მერიას აკრიტიკებენ და აცხადებდნენ, რომ რკინის პანდუსით შემოსაზღვრული ბუჩქი „სასაფლაოს“ ჰგავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები