გელა დუმბაძე ავსტრიაში ვიზიტით იმყოფება
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება. გელა დუმბაძემ, ვენაში მოქმედ ორ დიასპორულ ორგანიზაციასთან – “ქართული სათვისტომო ავსტრიაში” და “ქართული სახლი ავსტრიაში ენის, კულტურისა და განათლების ხელშეწყობისთვის” არსებული ქართული საკვირაო სკოლები მოინახულა.
ასევე მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან – კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან ერთად, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას დაესწრო და აღსაზრდელების შემოქმედებას გაეცნო. სახელმწიფო მინისტრი საკვირაო სკოლების აღსაზრდელებს მიესალმა და მათ წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა ასევე, შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრაზე გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მან დამსწრე საზოგადოებას “საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობის პროგრამის” შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) დახმარებით განხორციელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს დიასპორის მაღალი კვალიფიკაციის მქონე წევრების მონაწილეობის ხელშეწყობას ქვეყნის განვითარების პროცესში და ამ მიზნით აქტივობების შემუშავებას. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას, რაც მათ საშუალებას მისცემთ, სათანადო წვლილი შეიტანონ საქართველოსთან კავშირების გააქტიურებაში. ამავდროულად, პროგრამით გათვალისწინებული სხვა ინიციატივების მეშვეობით, გაიზრდება ახალგაზრდების პროფესიული და აკადემიური პოტენციალი. შეხვედრა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ისინი დაინტერესდნენ სხვადასხვა საკითხით, მათ შორის, საბაჟო კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს გადასახადის ოდენობასა და პირობებს ქვეყანაში შემოტანილი პირადი ნივთების განბაჟებისას; ასევე, ისაუბრეს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, სტაჟირების შესაძლებლობებზე საქართველოს სახელმწიფო უწყებებში.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა სპეციალური პროგრამები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად. დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა სახელმწიფო მინისტრის, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩისა და კონსულის მიერ. შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა დიასპორულ ორგანიზაციებს – “ქართული სათვისტომო ავსტრიაში” ხელმძღვანელს, თამილა ჯერვალიძესა და “ქართული სახლი ავსტრიაში ენის, კულტურისა და განათლების ხელშეწყობისთვის” თავმჯდომარეს, თამარ აღდგომელაძეს. ღონისძიებას 80-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ესწრებოდა.