„ირაკლი შოთაძე კომპეტენტური ადამიანია, ვფიქრობ, მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, შოთაძე საკმაოდ კომპეტენტური ადამიანია, რომელიც პროკურატურის დეპოლიტიზების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტში სერიოზული მოსმენები გაიმართება, სადაც შოთაძის ხედვებსა და პროგრამას დეტალურად მოისმენენ.
„ მას შემდეგ, რაც ინიციატივა დარეგისტრირდება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებით, განხილვები კომიტეტებსა და ფრაქციებში გაიმართება. სერიოზული განხილვა იქნება. პროკურატურამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, მაგრამ საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა მისი მუშაობით. ძალიან ბევრი საქმე, რომელიც საზოგადოების მიერ უსამართლოდ არის მიჩნეული, ჯერ გამოძიებული არ არის, ასეთი რამდენიმე ათეული ათასი საქმეა, თუმცა ამ გამოუძიებლობას თავისი ახსნა აქვს.
ჩვენ მოვუსმენთ ბატონ შოთაძეს, მას აქვს გამოცდილება, ის საკმაოდ აქტიური ფიგურა იყო ამ წლების განმავლობაში, მოვისმენთ მის ხედვებს და პროგრამას პროკურატურის განვითარების მიმართულებით. რაც შეეხება პროკურატურის დეპოლიტიზებას, ამისათვის პარლამენტმა კანონიც მიიღო. ამ პროცესში ბატონი შოთაძე აქტიურად იყო ჩართული. ის არის კომპეტენტური ადამიანი და სერიოზული მოსმენები იქნება. ვფიქრობ, მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები