“მარგველაშვილი პლასტელინივით "იწელება"

   პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის გადაცემის ინიციატივით და მისთვის “ქართული კულტურის სასახლის”დარქმევის ინიციატივით გამოდის.
პოლიტოლოგი მიჩნევს, რომ სასახლე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობისა უნდა იყოს და იქ თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი ქართული კულტურის საგანძური მოთავსდეს. კირვალიძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აღნიშნულ რეზიდენციაში შესვლის ფაქტს უარყოფითად აფასებს. პოლიტოლოგის თქმით, ის, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ “ხალხის ჯიბიდან “ამოფხეკილი ფულით” აშენებული სასახლის ხალხისთვის გადაცემა ვერ მოხერხდა, ახალი ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია.
“პრეზიდენტის სასახლე – ქართულ კულტურას”! – ავლაბრის სასახლეს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელი რომ მიენიჭოს და მის მიერ გადარჩენილი ქართული კულტურის საგანძური რომ გადასცეს მადლიერმა ქართველმა ერმა, განა ამას არ იმსახურებს ქართული კულტურა და მისი უპირველესი მცველი?!
ორიოდე სიტყვა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებული და შემდგომ საქართველოს პრეზიდენტად არჩეული გიორგი მარგველაშვილის მიერ – ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში “შესვლასთან და ამოქმედებასთან” დაკავშირებით!.. დიახ, მარგველაშვილი პლასტელინივით “იწელება”, როგორც გაპრეზიდენტების შემდეგ აღმოჩნდა… მოკლედ ვიტყვი… ეს არის ჩვენი მთავრობის და პარლამენტის მცონარობის ბრალი, რადგანაც დღემდე ვერ მოხერხდა, რომ მოძალადე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ძალისმიერი გზით ქართველი ხალხის ჯიბიდან “ამოფხეკილი ფულით” აშენებული ეს საპრეზიდენტო შენობა-ნაგებობა დაბრუნებოდა ხალხს და არ დარჩენილიყო რომელიმე უმაღლესი სახელმწიფო პირის ერთპიროვნულ, თუნდაც დროებით მფლობელობაში! ხელისუფლების ეს შეცდომა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, მითუმეტეს, რომ მმართველი კოალიციის “ქართული ოცნების” ყველა ლიდერი და რიგითი წევრი ქართველ ხალხს ორივე არჩევნების წინ ჰპირდებოდა, რომ აღნიშნული “ნაასააკაშვილისეული” ავლაბრის სასახლე ფუნქციას შეიცვლიდა! მოვიდა დრო, რომ დაგვიანებით მაინც სასწრაფოდ შეასრულოთ მიცემული პირობა! ამიტომ:
1. საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ძალისხმევით (დადგენილებით, ბრძანებულებით, განკარგულებით და ა.შ.), ზემოთ აღნიშნული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე გადაეცეს საქართველოს კულტურის სამინისტროს იმ მიზნით, რომ ხსენებულ ავლაბრის ყოფილ რეზიდენციას ეწოდოს, – “ქართული კულტურის სასახლე”, – სადაც განთავსდება და დაცულ იქნება, ქართველი ერის მიერ მრავალსაუკუნოვანი არსებობის და მოღვაწეობის მანძილზე შექმნილი, დაცული და დღემდე მოტანილი მატერიალური თუ არამატერიალური, ყველა სახეობის უმნიშვნელოვანესი და შეუფასებელი ქართული კულტურის ძეგლები!
2. რატომ “ქართული კულტურის სასახლე”? იმიტომ, რომ ქართველი ერი, როგორც მაღალი კულტურის შემქმნელი და მატარებელი ერი არ წაიშალოს პირისაგან მიწისა, რადგანაც ქართულ კულტურაზე მაღალი ღირებულება არ არსებობს ჩვენი ხალხისთვის და სწორედ, – “ქართული კულტურა გადაარჩენს საქართველოს”, – და თუ, ქართველებს ფიზიკური გადარჩენა არ გვიწერია, მაშინ, სწორედ რომ “ქართული კულტურის” გადარჩენილი ძეგლების წყალობით შეიტყობენ მომავალი ცივილიზაციები, რომ ოდესღაც, – არსებობდა, იბრძოდა და ქმნიდა მაღალკულტუროსანი ერი, რომლებსაც – ქართველები ერქვათ!
3. ხელისუფლებამ დაიწყოს ამ საკითხის უსწრაფესად განხორციელება, თორემ, სააკაშვილს “კოჰაბიტაციამ უშველა”, ავლაბრის სასახლიდან დროზე ადრე რომ არ “გამოაბუნძურა” ხალხმა, ჰოდა, “ყმაწვილმა პრეზიდენტმა გაითვალისწინოს ეს… (ათონელის ქუჩაზე მთავრდება პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზედენციის რემონტი-მშენებლობა და გადაბრძანდეს იქ)!!!”,- წერს პოლიტოლოგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები