თეა წულუკიანმა ლენტეხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
დაბა ლენტეხში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით ოცდამეშვიდე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურის ცნობით, საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მთიან რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მთავრობის მიზანია, რომ თქვენ გქონდეთ იგივე კომფორტი და ხარისხიანი მომსახურება, რომელიც აქვთ იმ ადამიანებს, ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრობს. სხვანაირად არ არსებობს განვითარებული ქვეყანა და სახელმწიფო“, – აღნიშნა მინისტრმა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ლენტეხელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და რეჟისორმა თემურ ბაბლუანმაც მიულოცეს. სოზარ სუბარის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეული ლენტეხელის ცხოვრება გახდეს უფრო ადვილი. ცნობისთვის, ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ. ცენტრი ლენტეხსა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ მოემსახურება. შენობა აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებითა და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. აქვეა განთავსებული საკონფერენციო დარბაზები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა შეეძლებათ არასამთავრობო სექტორთან, ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 26 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანებისა და კაბალის მოსახლეობას.