ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ალექსანდრე ქართველის შესახებ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ფილმის ჩვენება გაიმართა
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქათველის შესახებ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ფილმის ჩვენება გაიმართა.
რამდენიმე წლის წინ შექმნილი 25- წუთიანი ფილმი ინგლისურ ენაზე სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის კადეტებისთვის საგანგებოდ ითარგმნა, რომლებიც ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოებამ ღონისძიება სპეციალურად სწორედ მათთვის, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის მიხეილ ჩხენკელის ხელშეწყობით გამართა.
ფილმის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ქართველ ავიაკონსტრუქტორზე უფრო მეტი რამ შეეტყოთ.
“GAU-ში მყოფი ამერიკელი კადეტები ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ ფილმს მოუთმენლად ელოდნენ.
მათ იცოდნენ, რომ ქართველმა ავიაკონსტრუქტორმა მხოლოდ ერთი მოდელი- A 10 შექმნა, და როდესაც მოვუყევით, რომ მან 14 მოდელი შექმნა და მათ შორის, 4-მა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, გაოცებას ვერ მალავდნენ”,-განაცხადა ალ. ქართველის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა.
გუშინდელი შეხვედრა უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, პრეზენტაციას კი ალ. ქართველის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ლელა ქართველიშვილი უძღვებოდა.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: მარნეულის საავიაციო ბრიგადის წარმომადგენელი პოლკოვნიკი დავით გუგულაშვილი, უფროსი მფრინავი ალექსანდრე ჯინჯიხაძე და ალ. ქართველის საერთაშორისო საზოგადოების გამგეობისა და საბჭოს წევრები.
ასევე ამერიკელი კადეტები – ები ვოლტერი, რობერტ ბრინი, შენონ დეილი, ჰით რახენბახი, ბრაიან კრუჩკოვი.
როგორც “კვირას” ალ. ქართველის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა განუცხადა, ფილმის ჩვენებას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვისაც აპირებს.
“ვაპირებთ სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და ფილმის ჩვენებას. პირველი შემოთავაზება პირადად კახა ბენდუქიძისგან იყო, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში გაგვემართა ფილმის ჩვენება, თუმცა მისი გარდაცვალების გამო, სამწუხაროდ, ეს იდეა მაშინ ჩავარდა, თუმცა ახლა ისევ ვგეგმავთ.
შარშან გავმართეთ ასევე ჩვენება ძალიან მცირე აუდიტორიისთვის თსუ-ს სტუდენტებისთვის და ახლა ვაპირებთ , რომ უფრო ფართომასშტაბიან აუდიტორიას შევთავაზოთ. სურვილი გამოთქვეს ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა და ა.შ”,-განაცხადა ლელა ქართველიშვილმა.